სამართალი

  სამართალი შედგება მხოლოდ ნორმებისგან. სამართკუს ნორმები მართლწესრიგის „ელემენტარული ნაწილებია“. მართლწესრიგი არის სამართლის ნორმათა ერთობლიობა.
ნორმა არის პრესკრიფციული წინადადება. ნორმა განსხვავდება დესკრიფციული წინადადებისგან, რომელიც მხოლოდ ფაქტებს აღწერს. დესკრიფციული წინადადების შინაარსს აყალიბებს არსი და არა ჯერარსი. დესკრიფციული წინადადება არკვევს ამა თუ იმ ფაქტზე მსჯელობა ჭეშმარიტია თუ მცდარი. სამართლის შეფარდების პროცესში დესკრიფციულ წინადადებებს შეიძლება იურიდიული მნიშვნელობაც მიენიჭოს.
ნორმა ადგენს იმას, რაც „უნდა იყოს“. სამართლის ნორმა არის ჰიპოთეტური ჯერარსული წინადადება.
სამართლის ნორმა იმპერატიულია. ნორმა ადგენს, რომ განსაზღვრული ქცევა უნდა განხორციელდეს ან არ უნდა განხორციელდეს. ნორმის შეუსრულებლობა არ ნიშნავს,რომ ნორმა მცდარია.
დესკრიფციული წინადადება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. ნორმა, როგორც პრესკრიფციული წინადადება არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. ნორმა შეიძლება იყოს სამართლიანია ან უსამართლო, მიზანშეწონილი ან მიზანშეუწონელი. ჭეშმარიტი ან მცდარი შეიძლება იყოს ნორმის შესახებ მსჯელობა. დესკრიფციული წინადადებისგან განსხვავებით, ნორმა მოქმედებს ან არ მოქმედებს.
ნორმა ენობრივი ფორმით გამოხატული ჯერარსული წინადადებაა. ენა ნორმის გარეგანი გამოხატულების ერთადერთი საშუალებაა. ნორმა შესაძლებელია მოცემული იყოს არაენობრივი ფორმითაც (მაგალითად, ავტოსაგზაო ნიშნებაი). ამავე დროს, ნორმის შინაარსი ყველა შემთხვევაში ენობრივი ფორმით უნდა იყოს გამოხატული.

No comments:

Post a Comment